26 მაისის მნიშვნელობის დაკნინებაზე არაა საუბარი, პროტესტი მიმართულია ჩინოვნიკებისკენ - გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ რიონის ხეობის მცველების მიზანი 26 მაისის მნიშვნელობის დაკნინება არ ყოფილა, როდესაც მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

„ხალხი დაინტერესებულია ჩვენი გაშავებით, გამარგინალებით და ამბობენ, რომ ვართ მართული ძალა და რას ვითხოვთ, თითქოს, გაუგებარია მათთვის. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, პრემიერთან, სხვა არაერთ ჩინოვნიკთან, ვინც უშუალოდ კავშირშია „ნამახვანჰესის“ კასკადის დოკუმენტაციასთან და ხელის მოწერასთან, რაც იქ არის…

26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება ზოგადად ჩვენი პროტესტი. ამიტომ, ჩვენ თუ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი, ლოგიკურად… ანუ აქ თვითონ დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც იქ გამოდის და ვისაც ჩვენ ვთვლით, რომ არის დამნაშავე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


ვარლამ გოლეთიანმა გუშინ აქციაზე განაცხადა, რომ მოუწოდა მოქალაქეებს, 26 მაისს ყველანი გამოვიდნენ და მათ გვერდით დადგნენ.

„მინდა გითხრათ, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. მოვუწოდებთ ყველას, 26 მაისს არ მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

    1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
    2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
    3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
    4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
    5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.