„26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან“ - გოლეთიანი

პუბლიკა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან იუსტიციის სახლამდე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს.

აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მოეწყო მსვლელობა სწორედ იუსტიციის სახლთან.

მან ასევე განაცხადა, რომ მსვლელობა გაგრძელდება თავისუფლების მოედნისკენ და მოუწოდა მოქალაქეებს, 26 მაისს ყველანი გამოვიდნენ და მათ გვერდით დადგნენ.

„ჩვენ ახლა მოვედით ადგილზე, სადაც კანონდება ის უკანონო პროცესი, რომელიაც რიონის ხეობაში ხდება, ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ნამახვანჰესი არის სისტემური პრობლემების სახე, ამაში იგულისხმება ბევრი რამ. ერთ-ერთი კი არის სწორედ მიწის კანონი, რომელიც არ გვაქვს მოწესრიგებული და იძლევა საშუალებას არასწორად და არამართლზომიერად განისაზღვროს საერთო რესურსი. მიწის კანონი ებმის ამ პრობლემას და ვნახეთ, რომ შესაძლებლობა ეძლევა ხელისუფლებას, რომ თუკი ის ჩათვლის საჭიროდ პრაქტიკულად მთელი ხეობა გააჩუქოს და მიზერულ ფასად გადავიდეს კერძო სექტორის ხელში.

როგორც გონიერი საზოგადოება, ვცდილობთ, არ გადავიდეთ დესტრუქციაში და მშვიდობით მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. არ დავანებებთ ხელისუფლებას, რომ იმ ვექტორით წაგვიყვანოს, რომელიც აწყობს თავად. ეს არის გზა ძალადობისკენ და პარტიული დღის წესრიგისკენ, რომელიც ჩაახშობს ამ ჯანსაღ და ნამდვილ მოძრაობას.

ჩვენ დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. მოვუწოდებთ ყველას, 26 მაისს არ მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

    1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
    2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
    3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
    4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
    5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.