საზღვარგარეთ 7 საარჩევნო უბანი დაემატება – ცესკოს სხდომაზე მიღებული დადგენილებით, დამატებითი უბნები შეიქმნება ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკში, პარიზში.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.
საკითხის განხილვისას ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, გიორგი სიორიძემ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხზე ისაუბრა. სიორიძის თქმით, ფრანგულ მხარეს შეუძლია, გასცეს თანხმობა სტრასბურგში დამატებით უბნის გახსნაზე, ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებაში დახმარება კი, შესაძლებელია, პრეზიდენტს სთხოვონ.
ამაზე ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ სიორიძის განცხადება 7 უბნის გახსნის შესახებ პოზიტიური ცნობის გადაფარვის მცდელობაა.
სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა დამატებითი უბნის გახსნის მოთხოვნით აქცია 28 სექტემბერს გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სტრასბურგში უბნის გახსნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანია აღრიცხვაზე.
ცესკო აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში.
ემიგრანტების სახელით დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას „სამართლიანი არჩევნები“, დეპუტატი თამარ კორძაია და ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სასამართლოში მოითხოვდნენ, თუმცა სარჩელები არ დაკმაყოფილდა.