„სპეკულირება მიდის ადამიანის ფიზიკური მდგომარეობით, რაც არ არის გასაკვირი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამ სპეკულაციაში ფარავენ და იკარგება საკითხები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა.
„რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა საჭირო ხდება მისი სტაციონარში განთავსება“ – შალვა პაპუაშვილმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არის ორი საკითხი: I -„ადამიანის გადაყვანა სტაციონარულ, ანუ ჰოსპიტალურ პირობებში და II – რაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. პაპუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სათანადო კვლევების ჩატარება დიაგნოსტირება და მკურნალობა.
„სტაციონარულ განთავსებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მე-18 დაწესებულება აბსოლუტურად მზად არის, რომ მიიღოს ასეთი სახის მსჯავრდებული, რომელიც შიმშილობს. და ეს კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი და არ იქნება ალბათ ბოლო, ვინც ციხეში შიმშილობას აცხადებს და ამას თავისი მართვის პროტოკოლი აქვს და ეს ძალიან კარგად იცის სასჯელაღსრულების სისტემამ.
რაც შეეხება სტაციონარულ განთავსებას, მოხდება მისი მე-18 დაწესებულებაში, როგორც განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ. რაც შეეხება კვლევებს და ამ კუთხით იყო გარკვეული კითხვის ნიშანი, ყველა კვლევა შეიძლება თუ არა უზრუნველყოს მე-18 დაწესებულებამ. ამაზეც – დიახ..“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა და ნებისმიერ დროს შესაძლოა ისე დამძიმდეს, რომ ექიმების სასწრაფო ჩარევა გახდეს საჭირო.
სააკაშვილის ადვოკატმა გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მესამე პრეზიდენტს გუშინ ექიმების დახმარება დასჭირდა, რადგან მისი სასიცოცხლო მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა.