ვულოცავ გიორგი ხარჩილავას წალენჯიხაში გამარჯვებას, მას უყვარს ეს რაიონი - ზარქუა

პუბლიკა

„მე კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ გიორგი ხარჩილავა იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე მის გვერდში ვარ“, – ამის შესახებ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ირაკლი ზარქუამ განაცხადა და ხარჩილავას გამარჯვება მიულოცა.

„მე მინდა, მივულოცო ჩვენს ოპოზიციას ქალაქ წალენჯიხაში გამარჯვება, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ გიორგი ხარჩილავა იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე მის გვერდში ვარ, ყველა იმ პროექტში, ყველა იმ საკითხში, რაც ჩემი რაიონის, ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული, პირიქით, ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც ჩვენი მოსახლეობის არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატით საქმის ღირსეულად შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა“, – განაცხადა მან.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც თვითმმართველობის მეორე ტურში გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ხარჩილავაა, რომელმაც წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგა ხულორდავა დაამარცხა. ხარჩილავამ წინასწარი შედეგებით 51. 096 % მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ კი — 48.904 %.