26,5 მილიონი ლარი - ჯარიმების ოდენობა საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევაზე

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, პოლიცია საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. მათ შორის:

– თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი:

საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;

– მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა:
დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;

– მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება:
დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;

– 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა:
დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;

– კომენდანტის საათის დარღვევა:
დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;

– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება:
დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;

– იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი:
დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;

– ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი:
დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევდა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შესაბამისად, მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამოდის, რომ ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმების საერთო ოდენობამ 26 148 000 ლარი შეადგინა, იურიდიული პირებისთვის კი 315 000 ლარი [ჯამში 26 463 000‬ ლარი].