27 000 ტონა ხორბალი და 3 მლნ დოლარი COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად აშშ-სგან

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა ხორბალს და, ასევე, 3 მლნ დოლარს გამოყოფს კოვიდ-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.

„ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა, იმედი მომცემია. ვიცი, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რომ სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. ჩვენ უაღრესად მადლობლები ვართ საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ექიმების, მკვლევრებისა და საქართველოს მთავრობის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები. აქ, საქართველოში, ამერიკის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას.

დღეს, მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დავეხმაროთ ქვეყანას პანდემიის დროს.

აშშ აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას და, მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19-ზე“ რეაგირების მხარდასაჭერად.

იანვრიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში.

განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, „კოვიდ-19-ზე“ საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა „კოვიდ-19-ზე“ მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანამა.