27 აპრილიდან „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი  ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს შეხვედრა დაეთმო ქვეყანაში ჩინური წარმოების  ვაქცინის „სინოფარმის“ დანერგვის ეტაპებს.

მისი თქმით, საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები დაასრულებს მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომლებიც ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას შეეხება.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი ვაქცინაზე გაიხსნება 27 აპრილისთვის, იმისათვის, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, შერჩეულ დაწესებულებებში ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყოს.

გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინა ჯანმოს ავტორიაზაციას სავარაუდოდ აპრილის ბოლოს მიიღებს, ქვეყანაში კი ვაცინის ადმინისტრირება მაისის დასაწყისიდან დაიწყება.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს, ეს მიმდინარე საკითხია და რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ეს დროულად დასრულდება. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, „სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყნაში და 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული ჩინეთის მწარმოებელს, ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ 55 წლის ზემოთ მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის არჩევანი გვაქს, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო. იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოსთვის და ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყნაში დაიწყება მაისის დასაწყისიდან“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა შეისყიდა.