27 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეიკრიბება.
შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას უხელმძღვანელებს კაია კალასი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
საქართველოს საკითხის გარდა, შეხვედრაზე საბჭო განიხილავს მოვლენებს მოლდოვაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ უახლეს ამბებს, ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობებს და ასევე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
20 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 90 დღემდე, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
წინადადების თანახმად, გაუქმდება ისეთი შეღავათებიც როგორებიცაა, ხანმოკლე სააპლიკაციო დრო, მცირე სავიზო გადასახადები და მოთხოვნები შედარებით მცირე დოკუმენტების წარდგენის შესახებ.