შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ დააკავეს.
უწყების ცნობით, კაცმა ყოფილი მეუღლე მანქანაში თოკით გაგუდა, ცხედარი კი მეორე დღეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევში გადააგდო.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია განცხადებაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.