სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და შაბათს, 6 დეკემბერს საპროტესტო მარშს აანონსებენ:
“ამ წლის 1 დეკემბერს bbc-მ ქართული ოცნების მორიგ უდიდეს დანაშაულს ახადა ფარდა, კვლევებმა გაჩინა ეჭვი, რომ სიტყვა ქართულს ამოფარებულმა “რუსულმა ოცნებამ” გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აკრძალული ნივთიერებით მოწამლა აქციის მონაწილეები, შემდეგ კი ისინი დაიჭირა და წლობით გამოკეტა ციხეში.
ასევე რუსულმა მთავრობამ გაიმეტა სკოლის მოსწავლეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოსთვის.
ირაკლი კობახიძე BBC-ს „მატყუარას“ უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერი „აბსურდია“. მაგრამ, ერთი წლის შემდეგაც კი ვერ ბედავენ იმის ჩვენებას, თუ რა გამოიყენეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ბუნებრივია, რადგან “ქართული ოცნება” სიმართლეს მალავს.
ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხს გამოკვლევენ, მაგრამ საკუთარ დანაშაულს დამნაშავე არ გამოიძიებს.
ასევე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი მტკიცებულებებისა და მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებული საეჭვო, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, პირდაპირი თავდასხმაა კრიტიკულ მედიაზე.
ეს ყველაფერი ავტორიტარული პოლიტიკის ნათელი ნაბიჯებია და ჩვენ, სტუდენტები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ დავნებდებით მანამ, სანამ “ქართული ოცნება” არ დათმობს მიტაცებულ ხელისუფლებას და სანამ სამართალი არ აღდგება ქვეყანაში.
შაბათს, 6 დეკემბერს, 19 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, საიდანაც ყგადავინაცვლებთ პარლამენტის მიმართულებით და მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ საკითხის გამოძიებას!
დამხობა რეჟიმს!
თავისუფლება ტყვეებს!” – აცხადებენ სტუდენტები.
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს. ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.