„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა.
ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს, ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
მათივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს, რაც ორივე მიმართულებით ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა.
ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის პარტნიორობის საკითხზე. ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე.
ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი, ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში, ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის. ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი, სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან.
აი, ეს არის ნამდვილი, ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ, არ არის ზედმეტი არაფერი. ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა და დიდი მადლობა მას ამისთვის.
კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. მისი ვიზიტი გრძელდება, შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩება ჩვენი ქვეყნის ხილვით და მასპინძლობით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის ამ შეფასებას უპასუხა ხორვატიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება ყაველაშვილს იმ ნაწილში, სადაც მან ხორვატია დადებითად, ხოლო ევროპის ყველა სხვა ქვეყანა უარყოფითად მოიხსენია.
„ბატონი პრეზიდენტის სიტყვიდან გამოვიდა, რომ დადებითი არის ხორვატია და ყველა სხვა ევროპული ქვეყანა კი არის უარყოფითი საქართველოსთვის.
ბევრ ევროპელ მოთამაშეს საერთოდ პოზიცია არ გააჩნია, დამოკიდებულება არ გააჩნია და ისინი საკუთარ კომფორტულ ზონაში თავს მშვენივრად გრძნობენ.
ოპორტუნისტული დამოკიდებულება აქვთ, მათ არ ესაჭიროებათ აქ ნაბიჯები. არის რესურსები, რომ მათ გაიგონ… შეიძლება… ის კი არა, რომ აგრესიულები გავხადოთ, უბრალოდ ვანახოთ სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ერთიანი პოზიცია და ძალიან ბევრს არ გააჩნია მყარი პოზიციები ევროკავშირში“, – განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.