28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა.
შრომის ინსპექციის ანგარიშის მიხედვით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა წლების მიხედვით ასეთია:
- 2021 წელი – დაიღუპა 37 ადამიანი;
- 2020 წელი – დაიღუპა 39 ადამიანი;
- 2019 წელი – დაიღუპა 45 ადამიანი;
- 2018 წელი – დაიღუპა 59 ადამიანი;
რაც შეეხება დაშვებულებს, ამავე ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სამუშაო სივრცეში 253 ადამიანი დაშავდა. მათგან, 53 შემთხვევა დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოო მძიმე უბედური შემთხვევა, 195 კი როგორც საშუალო სიმძიმის საწარმოო შემთხვევა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლებში კლება შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმე”, – ამბობს პროფკავშირების გაერთიანება.
მათი შეფასებით, შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებისა და სრულყოფის თვალსაზრისით ქვეყანას წინსვლა აქვს, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით კანონქვემდებარე აქტებზეც.
„საქართველოს კანონქვემდებარე აქტები ე.წ. „ტექნიკური რეგლამენტები“, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლიდან, ფარავს ეკონომიკური საქმიანობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად, იმ სფეროებში, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხები არ რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტებით, დამსაქმებლებმაც და ზედამხედველმა უწყებებმაც უნდა იხელმძღვანელონ 1992 წლამდე მოქმედი საბჭოთა ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, საქმიანობის ამ სფეროებში ზედამხედველ უწყებებს სამუშაო ადგილებზე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი დამსაქმებლებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დასაკისრებლად სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნიათ.
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის მკაცრი აღსრულება აუცილებელია. შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორებია საწარმოო შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც სახელმწიფო ამ დრომდე არ აღრიცხავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, პრობლემურია, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების საქმეთა გამოძიებაც. არაეფექტიანი სისხლისსამართლებრივი რეაგირება დამსაქმებელ კომპანიებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და თავიდან ვერ ირიდებს ტრაგედიათა ჯაჭვს.
„საქმე ძირითადად, საწყის ეტაპზევე წყდება და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა დგება, ეს მხოლოდ დაბალი რანგის თანამშრომელია. მენეჯმენტის მაღალ რგოლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. კვლავაც ფერხდება რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა თუ დამნაშავე კომპანიების გამოვლენას”, – აცხადებს ორგანიზაცია.