დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 28 აპრილის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 41 801 აცრა.
ბოლო 24 საათში აიცრა 1 706 ადამიანი.
სრულად ვაქცინირებულია (ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს) 4397 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 1522.
ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ხელმისაწვდომია „სინოფარმის“ ვაქცინა. „სინოფარმს“ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია. მიიღებს თუ არა ვაქცინა ავტორიზაციას 29 აპრილს გახდება ცნობილი. „სინოფარმით“ ვაქცინაცია ქვეყანაში 4 მაისიდან იგეგმება.
რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ.
„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში”, – განაცხადა ტიკარაძემ.