პარტია „ლელოს“ ოფისში „ლელოს“ ლიდერების, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობლივ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული 3 პარტია და პარტია „დროა“ პარასკევს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოაწყობს აქცია-მსვლელობას, რომელიც 3 საათზე დაიწყება.
„ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას და გადავწყვიტეთ – „ლელომ“, ენმ-მ, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ – პარასკევს 3 საათზე თბილისში სამ განსხვავებულ გეოგრაფიული ლოკაციიდან მოვაწყოთ მსვლელობა.
გელოდებით შემდეგ ადგილებთან: მეტრო „ავლაბართან“, სადაც ენმ-ის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი შეიკრიბება; „ვაგზლის“ მეტროსადგურიდან მსვლელობას სათავეში ჩაუდგება „ლელო“ და მესამე ლოკაცია მეტრო „უნივერსიტეტიდან“ – მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერები.
ვისთვისაც არ არის უმნიშვნელო, ვიცხოვრებთ ჩვენ იმ სახელმწიფოში, სადაც აღარც მართლმსაჯულება იქნება, აღარც მომკითხავი იქნება, რატომ გიჭერენ, ვისაც ეს არ უნდა, რომ ხდებოდეს და უნდა თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება, განათლებული და უზრუნველყოფილი თაობა, გელოდებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.