29 აპრილიდან დღის რა მონაკვეთში და რა მიზნითაა შესაძლებელი თბილისიდან გასვლა და დაბრუნება

პუბლიკა

29 აპრილიდან ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, მოქალაქემ ქალაქიდან გასასვლელად საშვის ასაღებად 12 საათით ადრე უნდა შეავსოს ფორმა/განაცხადი, რომელიც განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე.

„ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე www.mepa.gov.ge. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე.

შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს).

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს (რეგიონის მიხედვით ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 2)“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.