29 აპრილს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

პუბლიკა

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ამომრჩეველი 29 აპრილს აირჩევს: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე – ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

ცესკოს ცნობით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს დიდი მასშტაბით გამოიყენებს.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. დანარჩენ, 47 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

„ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები პირველად იქნება გამოყენებული. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ტესტი მომავალი საერთო 2024 წლის არჩევნებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია, წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.