29 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია დაანონსდა.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უკვე ორი თვე გადის, რაც ყოველდღიურად მოითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს თავისი ფუნქცია და საზოგადოებას მიაწოდოს დროული და ობიექტური ინფორმაცია.
მათი თქმით, არაერთი მონიტორნიგის და შეფასების დოკუმენტი აჩვენებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლებისადმი ლოიალური და ტენდეციური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
ისინი აღნიშნავენ, რომ დეკემბერში მოპოვებული სახალხო ეთერი ახალი წლის შემდეგ აღარ განახლებულა და საზოგადოების მოთხოვნა უპასუხოდ რჩება.
„ჩვენ, საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები, უკვე ორი თვეა, ყოველდღიურად ვიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ვითხოვთ პირველმა არხმა შეასრულოს მისი უმთავრესი ფუნქცია – კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროულად და ობიექტურად მიაწოდოს საქართველოს საზოგადოებას ინფორმაცია.
სამწუხაროდ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში, აშკარა გახდა რომ მაუწყებელი ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესს და ასრულებს პროპაგანდისტული მედიის ფუნქციას. არხის ხელმძღვანელობა ღიად უჭერს მხარს ქვეყნის თვითგამოცხადებულ მმართველებს, განზრახ არ აშუქებს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას, არ აჩვენებს რეალურ მოვლენებს და შესაბამისად მონაწილეობს ანტიჰუმანურ და ანტიკონსტიტუციურ პროცესებში, ამ ქმედებების გამამართლებელი შინაარსის შექმნით.
ამას ადასტურებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კვლევა და რაც მთავარია, თავად მაუწყებლის შიდა მონიტორინგის ანგარიში. ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბების გაშუქებისას, მნიშვნელოვნად მეტ დროს უთმობს ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მესიჯებს. ანალოგიურად, შიდა მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი გაშუქებისას ძირითადი დრო დაუთმო ქართულ ოცნებას და მხოლოდ ორიოდე საათი საზოგადოების წარმომადგენლებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიხედვით, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავლენდა მიკერძოებას ქართული ოცნების სასარგებლოდ. ეს არის ფაქტები, რომლის უტყუარობაც დასტურდება, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს მხარეს, რასაც პროტესტში მყოფი საზოგადოების წევრები უკვე ორი თვეა ვაპროტესტებთ.
სხვა საზოგადოებრივ საკითხებთან და პროტესტებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი ფაქტობრივად არ აშუქებს შენობასთან მიმდინარე პროტესტს. პირველი არხი დღითიდღე არღვევს მისივე წესდებით გაწერილ სტანდარტს ობიექტურობის და დროული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.
საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, დეკემბრის თვეში, შესაძლებელი გახდა, საგანგებო ეთერის ფორმატში, მცირე დროის მოპოვება სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის. ამ ეთერის ფარგლებში მრავალი წლის მანძილზე პირველად ისმოდა ასე მკაფიოდ ხალხის ხმა, სხვადასხვა პროფესიის, თემის, უმცირესობების თუ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები საუბრობდნენ მათ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა არხის მაყურებლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ახალი წლის შემდგომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და არ აღადგინა სახალხო ეთერი, რაზეც არაერთხელ მივმართეთ ღიად აქციებიდან თუ სხვადასხვა ეთერებიდან. ჩვენი მოთხოვნები კვლავ უპასუხოდ რჩება. ამჯერად ოფიციალური წერილით მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისათვის, რომ დააბრუნოს ხალხის კუთვნილი ეთერი და შეწყვიტოს მიკერძოებული პოლიტიკის გატარება. ამასთან, ორი თვის აღსანიშნავად ვაანონსებთ მასშტაბურ აქციას 29 იანვარს, 7 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ არხის ხელმძღვანელობას და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომ საზოგადოება არ დაიღლება და არ დათმობს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. არ დათმობს სიმართლეს. ჩვენი მოთხოვნები, უცვლელი რჩება, სახალხო ეთერთან ერთად მოვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ცალკეული ლიდერები და აქტივისტები მიმართავენ აქციის მონაწილეებს, თითქოს დღესდღეობით ქვეყანაში საზმაუსთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს და მოუწოდებენ მათ, რომ 29 იანვარს შეიკრიბონ და გაიმარჯვონ საზმაუზე, რაც თურმე სტრატეგიული გამარჯვება იქნება ხელახალი არჩევნების მოსაპოვებლად.
ვფიქრობთ, ამგვარი მოწოდებების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, ვინაიდან, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ ემოციურ ფონს, ზოგიერთებმა შეიძლება მართლაც დაიჯერონ, რომ საზმაუზე „გამარჯვება“ სტრატეგიული წარმატების საწინდარი იქნება, არადა, ამგვარ მოწოდებას, შეიძლება, გაუთვალისწინებელი ქმედებები და მძიმე შედეგები მოჰყვეს.
აქვე ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლა კი არ მიმდინარეობს, არამედ მოქალაქეთა ერთი ნაწილი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს და მოითხოვს ახალ არჩევნებს, რის გამოც აქციებს მართავს. ამას ფართოდ და ამომწურავად აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ცდილობს, მიუკერძოებლად მოუთხროს მაყურებელს განვითარებული მოვლენების შესახებ.
ამ ვითარებით სარგებლობს მოქალაქეთა ერთი ნაწილი (რომელთა შორისაც განსაკუთრებით აქტიურობენ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო ტელევიზიების თანამშრომლები) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს. სულ უფრო დაჟინებით ამკვიდრებენ აზრს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელია სრული კონტროლი მოიპოვონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარეობს მძიმე ბულინგისა და მუქარის კამპანია.
მთელი საზოგადოების თვალწინ ყოველდღიურად ხორციელდება ზეწოლა მედიაზე, უგულებელყოფილია დემოკრატიის ელემენტარული სტანდარტი, თითქოს დავიწყებას მიეცა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონით და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია, ისევე როგორც მიუღებელია, მაუწყებელს ვინმე კარნახობდეს, ვინ მიიწვიოს სტუმრად. უშუალოდ ტელევიზიის თანამშრომლების გარდა, მიმდინარეობს იმ სტუმრების ბულინგი და დევნა, ვინც ამ ჯგუფისგან განსხვავებული მოსაზრების გამოთქმას ბედავს.
გახშირდა მოწოდებები საზმაუზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს.
კანონით დადგენილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მოწოდება იმის შესახებ, რომ ვინმე განახორციელებს მენეჯმენტში ცვლილებებს და ახალ დირექტორის დანიშნავს, კანონთან სრულიად შეუსაბამოა და, ამასთანავე, შეიცავს პირდაპირ მინიშნებას ძალადობის გამოყენებაზე.
ვფიქრობთ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, როგორ და რა მეთოდით აპირებს ეს ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამარჯვების მოპოვებას, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელში ჩაგდებას?! რა გზით აპირებენ არსებული სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ტელევიზიიდან ჩამოცილებას და მათთვის სასურველი დირექტორის დანიშვნას?!
ჩვენ ამ კითხვებზე მხოლოდ ერთ პასუხს ვხედავთ, იძულებას! ანუ საბჭომ და მენეჯმენტმა იძულებით უნდა დატოვონ ტელევიზია და ამით, ამავე დროს, საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად გავა კანონის სივრციდან. ან იქნებ ვინმეს სხვა პასუხი აქვს ამ კითხვებზე?!
სამწუხაროდ, ამ პროცესს არ იმჩნევენ არც პოლიტიკური პარტიები, არც ინტერესთა ჯგუფები და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც კიდევ უფრო ახალისებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ კამპანიას.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა ის არის, რომ მთელი საზოგადოების ინტერესები გამოხატოს. კერძო ტელევიზიებისაგან განსხვავებით, მას არ აქვს უფლება, ერთი პოზიციის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამხმოვანებელი იყოს.
მას კანონი ავალდებულებს, მაყურებელს გააცნოს საზოგადოებაში არსებული მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნება, ის განწყობები და მოსაზრებები, რომლებიც, შეიძლება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის ნათელია, რომ საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლარიზაციის პირობებში, როდესაც ადამიანებს კატეგორიულად არ სურთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ხშირად სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა ხდება მის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი, რაც ზოგჯერ ღია აგრესიაში გადაიზრდება ხოლმე – მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის არსი და მისია სწორედ ეს გახლავთ, ამის შესახებ საზოგადოება წლების წინ შეთანხმდა და ეს შეთანხმება საკანონმდებლო დონეზე გაფორმდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები კი ამ კანონით განსაზღვრულ შეთანხმებას ასრულებენ და ამას გაგებით უნდა მოეკიდოს თითოეული პოლიტიკური ჯგუფი და მოქალაქე. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას და სიკეთეს და არ შეიძლება, რომ მისი დაცვა მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომლების ნერვების და ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე ხდებოდეს.
ქალაქის ცენტრში, მთელი საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს მედიის ბულინგი და ჩაქოლვა მხოლოდ იმიტომ, რომ იქიდან განსხვავებული აზრი არ გაისმას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სამეურვო საბჭოც და მენეჯმენტიც ბოლომდე შევასრულებთ ჩვენზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ჩვენს დიდ წუხილს იწვევს, რომ ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავაუღებლად შრომობენ, იმყოფებიან მუდმივი სტრესის პირობებში.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მტრად შერაცხვა, მასთან ბრძოლა და, მით უმეტეს, მასზე „გამარჯვების“ მოპოვების მცდელობა დიდ და გამოუსწორებელ შეცდომად გვეჩვენება, ვინაიდან ამგვარი ფსევდოგამარჯვება მთელი საზოგადოების დამარცხების ტოლფასი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის გემოვნებასა თუ მსოფლმხედველობას ვერ მოერგება.
ყველა მხარეს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბრძოლის ნაცვლად, განაგრძონ თავიანთი მსოფლმხედველობის საჯარო სივრცეში დამკვიდრება და საზოგადოების დანარჩენი წევრების დარწმუნება თავიანთი იდეების ჭეშმარიტებაში, ხოლო საზოგადოებრივ ტელევიზიას დაუტოვონ უფლება და საშუალება, მაყურებლამდე მიიტანოს ეს პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
თამილა დოლიძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა.