დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველო პირველ გადაწყვეტილებებს ელის.
„გუშინ დამტკიცდა ქვეყანაში ვაქცინაციის დანერგვის გეგმა – ველოდებით 29 იანვარს პირველ გადაწყვეტილებებს Pfizer-ის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით. გუშინწინ ასევე წერილი მოვიდა COVAX-დან: პირველი 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება, დიდი ალბათობით, AstraZeneca-ს ვაქცინა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას – სად შეძლებენ მოქალაქეები აცრას? – ამირან გამყრელიძე პასუხობს:
„თუ იქნა Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -70°C-იან ცივ ჯაჭვს, Pfizer-ის ვაქცინა, ძირითადად ეს იქნება შეზღუდული რაოდენობით, იქნება მხოლოდ 3 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – სადაც -70°C-იანი ცივი ჯაჭვის სისტემები არსებობს და აცრები მოხდება მხოლოდ შერჩეულ კლინიკებში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინას, გამყრელიზე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აცრა პირველადი ჯანდაცვის ქსელის ყველა დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:
„AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელსაც სჭირდება 2-8 °C იგივე ცივი ჯაჭვი, რითაც თქვენი შვილები, ან თქვენ იცრებით, ის მოხდება ჩვეულებრივ იმუნიზაციის ცენტრში, პირველადი ჯანდაცვის ქსელში – ასეთია დაახლოებით 300-ზე მეტი ადგილი, სადაც ხდება ბავშვებისა და მოზრდილების აცრა. მაგრამ, ჩვენ, როცა მასობრივი… და იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000-მდე ადამიანი. როცა უფრო დაგვჭირდება და ეს იქნება უკვე გვიან გაზაფხულზე, კიდევ მეტად გაფართოვდება ამცრელი ბრიგადები… იქნება მობილური ბრიგადები და ვთქვათ, ეს ფიქსირებული ადგილები, თუ დღეს 300 წერტილია, გაორმაგდება, გასამმაგდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.