„29-ში სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„მართალია ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს იმას 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არაფერი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება, deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, შესაბამისად, ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვერ იქნება წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება იმისთვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თეორიულად იმის დაშვებაც კი, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ დატოვოს პრეზიდენტის რეზიდენცია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ესეც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში.
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მე მგონია მას მაინც ეყოფა გონიერება არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“,- აცხადებს კობახიძე.
გუშინ , 21 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს, 22 დეკემბერს 21 საათზე რუსთაველის გამზირიდან ხალხს მიმართავს.