საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შეადგენს 3 511 853-ს. მონაცემები 26 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. ამ რიცხვს ემატება საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170 ამომრჩეველი და მათი ჯამია – 3 526 023 ამომრჩეველი.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, რომელსაც ცესკო აქვეყნებს, ნაჩვენებია ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით;
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მე-10 მოწვევის პარლამენტი განსხვავებული წესით დაკომპლექტდება. შეიცვალა მანდატების განაწილება: 120 დეპუტატი პროპორციული სიით და 30 კი მაჟორიტარული ოლქებით შევა პარლამენტში. განსხვავებულია კიდევ ის, რომ „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტით და საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით მოთხოვნილია, რომ პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში პარტიული სია წარადგინა 51-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათგან დამოუკიდებლად მონაწილე არის 49 პარტია, საარჩევნო ბლოკი კი 2.
პარტიული სიით წარდგენილია 6 882 კანდიდატი, მათ შორის 3 049 არის ქალი და 3 833 კაცი.