პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილების მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ო.წ. სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ ო.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.