3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლისთვის გაზი ძვირდება – „თბილისი ენერჯი“

პუბლიკა

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო, ანუ კომერციული მომხმარებლისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი აირის ღირებულება იზრდება. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გაზის ფასი 24 თეთრით ძვირდება და 1.10 ლარი გახდება.

კომპანიის განმარტებით, ბუნებრივ აირს აშშ დოლარში ყიდულობენ, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ კი სერიოზული პრობლემები შექმნა.

შპს „თბილისი ენერჯი“ წერს, რომ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და საკუთარი რესურსებით აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით ბუნებრივი აირის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილ სხვაობას.

კომპანია აცხადებს, რომ მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს, მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-განახლებას.

„თბილისი ენერჯი“ განმარტავს, რომ ძალიან უჭირს გაზის შესასყიდად ფინანსური თანხის მოგროვება, რაც, მათივე თქმით, საფრთხეს უქმნის როგორც უწყვეტ გაზმომარაგებას, ისე უსაფრთხო და ნორმალურ მუშაობას.

„2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით“, – აცხადებს „თბილისი ენერჯი“.

კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და კვლავ 0,461374 ლარი იქნება.