3 ინფიცირებულიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა – თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დირექტორი

პუბლიკა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა, მარეხი ბექაიამ ჟურნალისტებთან კორონავირუსის სამ ახალ შემთხვევაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სამი ახალი შემთხვევიდან ორი 60 წლამდე აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატრანზიტო ავტოსაშუალებით მოძრაობდნენ.

„საზღვარზე სწრაფი ტესტით დაფიქსირდა დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს  ჩვენს კლინიკაში და უკვე ჩვენთან PCR-კვლევით ორივე შემთხვევაში დადასტურდა Covid-19“, – აღნიშნა მარეხი ბექაიამ.

ბექაიას განცხადებით, მესამე ინფიცირებული არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. ექიმის განმარტებით, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას.

„სამივე პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.  აზერბაიჯანის მოქალაქეები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი ბებია ამჟამად მკურნალობს იმავე კლინიკაში, სადაც თვითონ არის გადაყვანილი. ანუ პირველწყარო ბებია იყო“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა.

StopCov.ge-ზე მონაცემები ჯერ არ განახლებულა. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 724 და გარდაცვლილია 14 ადამიანი.