3 კოალიცია OSCE PA-ს პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

3 კოალიცია – „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას განცხადებით მიმართავს და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს, „ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

„ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

ასევე, გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

გაყალბებული არჩევნების გარდა, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები.

ეს პროტესტი გაყალბებულმა არჩევნებმა და თვითგამოცხადებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას.

თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

რეჟიმს და მის პროპაგანდისტულ მანქანას აქვს საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტების ინსტრუმენტალიზაციის ისტორია და ცრუ გამოცხადება, რომ მათთან ყოველი შეხვედრა ნიშნავს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის ლეგიტიმაციას. ასეთი სტრატეგიის უახლესი მაგალითია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი.

სწორედ ამიტომ ვართ ღრმად შეშფოთებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოახლოებული ვიზიტით გამოწვეული რისკებით.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.


ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი წერს, რომ, მისი ინფორმაციით, 8-10 იანვარს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

მისი თქმით, ეს „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.