3 ოქტომბერს კოლონებით დავიძრათ თბილისისკენ, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოუწოდებს მხარდამჭერებს 3 ოქტომბერს დილიდან თბილისისკენ კოლონებით დაიძრან.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.

ამიტომ ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია, არც თქვენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილმა დილიდან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის ბათუმში იმყოფება. შსს-ში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილს „საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს“.