3 პატიმარი საუბრობს სავარაუდო მუქარასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გლდანის ციხეში აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ 3 პატიმარს, რომლებმაც სავარაუდო მუქარასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში გვიან ღამემდე ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ სამ პატიმარს შევხვდით და დეტალურად გამოვკითხეთ ისინი. პატიმრები საუბრობენ, სავარაუდო, მუქარაზე და ასევე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ. საუბარია არა ციხის დირექტორის, არამედ, სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები და სხვა პირების.

პატიმრები საუბრობენ სიტყვიერ შელაპარაკებაზე, პატიმრები ამბობენ რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს კვებასთან და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გახდა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ მუქარის მიზეზი, რომელიც შემდეგ განმეორდა საკანში მას შემდეგ, რაც პატიმრებმა, სავარაუდოდ, მიიყენეს დაზიანებები, ამას უკვე მოჰყვა სხვა ბრალდებები პატიმრების მხრიდან რომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას“, – განაცხადა ლომჯარიამ და თქვა რომ ციხის ადმინისტრაცია ამ ბრალდებებს უარყოფს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქმის კვლევას მონიტორინგს გაუწევს.

„ჩვენ უკვე მივმართეთ გუშინვე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს რომ დაიწყონ გამოძიება. გარკვეული ინფორმაციის დოკუმენტირება და ფოტო გადაღებაც მოვახდინეთ, რომელსაც გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მივაწვდით, მივადევნებთ თვალს ამ პატიმრების უსაფრთხოები დაცვას“, – თქვა ლომჯარიამ.


აღნიშნული პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატი გლდანის ციხის ადმინისტრაციის უფროსს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი ჰყვება, რომ სექსუალური ძალადობის თავის ასაცილებლად პატიმრებმა ფიზიკური დაზიანება მიიყენეს.

24 სექტემბერს „ტელეკომპანია ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს: „ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა, რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს“.

ამ ბრალდების საპასუხოდ, პენიტენციურმა დაწესებულებამ განაცხადა, რომ ეს არის N8 პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობა.

„ამ მხრივ მიზანმიმართული აქტიურობით გამოირჩევა ადვოკატი კობაიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა და ამ მიზნით არ ერიდება არც ტყუილს, და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით მანიპულირებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნოდარ ქინქლაძე N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად უწყვეტად მუშაობს 2013 წლის მაისიდან და მას უკავშირდება გლდანში წინა ხელისუფლების დროს გამეფებული წამების მძიმე შედეგების წარმატებული ლიკვიდაცია და შემდგომ თითოეულ პატიმარზე ზრუნვა მისი კეთილდღეობისათვის. არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ძალების მიერ სწორედ ის იქნა შერჩეული დარტყმის ობიექტად. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პატიმრებითა და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირების მცდელობისაგან და არ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ალექსანდრე კობაიძემ არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.

„სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.