3 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას, შევა თუ არა პარტია პარლამენტში - კაპანაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ის არ გამოხატავს ხალხის ნებას. კაპანაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, შევა თუ არა პარტია პარლამენტში, დღეს, 3 საათზე გამოაცხადებენ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს არასოდეს და არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 3 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას, რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება ივანიშვილის.

მან გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა ამ ფორმით, ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს როგორც პროტესტის, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით. მგონია, რომ გადაწყვეტილება მეორე ტურებზე არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრია ეს ოღონდ და დანარჩენზე ვიმსჯელებთ პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად”, – განაცხადა კაპანაძემ.


ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ამასთან, ოპოზიციამ კვირას, 8 ნოემბერს, თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით კი, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით გაიმართა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის „დესტრუქციული ნაწილის“ დაანონსებული აქციების მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. ის მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებასა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.