3 საათზე ნაკლებ დროში პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობდა - მღებრიშვილი

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, ჟურნალისტებს რაჭაში განვითარებული მოვლენების შესახებ ამ დროისათვის არსებული შეჯამებული ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, სტიქიის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო.

„სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას…. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო.

„ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად პოლიციის თანამშრომლების და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

10 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით, იპოვეს 21 დაღუპულის ცხედარი, ჯერ კიდევ ეძებენ 12 დაკარგულს. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.