3 შემთხვევაა დადასტურებული, სავარაუდოა კიდევ 31 - გამყრელიძე ბრიტანულ შტამზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა, თუმცა, სავარაუდოდ, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამყრელიძის თქმით, შემთხვევები სამ დიდ კლასტერში ნაწილდება, რომელთა პირველწყაროც არის ბრიტანული შტამის 3 დადასტურებული შემთხვევა.

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათთან დაკავშირებული კლასტერები – 3 დიდი კლასტერი. სულ არის, თუ არ ვცდები, 31 „დადებითი“ ადამიანი. ამ კლასტერებში 3 შემთხვევაა, რომელიც პირველწყაროა, მუტირებულ შტამზე დადასტურებულია.

მიმდინარეობს კვლევა მათთან პირდაპირ კავშირში მყოფ 31 ადამიანზე, სადაც წინასწარი ეპიდემიოლოგიური და წინასწარი ლაბორატორიული მონაცემებია. ანუ როცა დადებითია ორ გენზე და ერთ გენზე უარყოფითი, აი, იქ მიგვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს მუტირებული შტამი და ვატარებთ უფრო ღრმა კვლევას.

ანუ სამი დადასტურებული, სეკვენირებით და 31 მათთან დაკავშირებული ადამიანი, რომლებთანაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი – ბრიტანული“, – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდნაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.