ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწა.
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა და ის გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნას არ პასუხობდა. გამოძიების პირველ თვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს ჩადენილი დარღვევების იდენტიფიცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების ამოღება ამავე უწყების გამომძიებლების მიერ განხორციელდა. საქმის მასალებიც კი სუს-მა პროკურატურას გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაუგზავნა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან უკვე ამოღებული და საბოლოოდ, განადგურებული და სავარაუდოდ ფალსიფიცირებული იყო“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეროვნულ დონეზე სამართლაინი მართლმსაჯულების მიზნის მიღწევის შეუძლებლობის პირობებში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მათი უფლებებისთვის ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებენ. ოჯახის ინტერესებს სტრასბურგის სასამარათლოშიც EMC იცავს, ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად.