3 წლის ბავშვი დავტოვე ბაღში, გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე კაცი - რას ჰყვება ხარხელი ჩხრეკაზე

პუბლიკა

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ადვოკატი ამბობს, რომ შსს-მ ხარხელის სახლში ჩხრეკა ძველი გამოძიების საფუძველზე ჩაატარა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით აღძრულს საქმეზე.

სახლიდან ამოიღეს ტექნიკა, ფოტოაპარატი, ლეპტოპები, მეხსიერების ბარათები. ადვოკატის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა „გადაუდებელი აუცილებლობით“, არ არსებობს სასამართლოს განჩინება, ხოლო ოქმზე ხელი არ მოაწერეს.

„უკანონო იყო ეს ჩხრეკა, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების საფუძველი არ არსებობდა, და რატომ მოიქცნენ ასე და როგორ მოიქცნენ, ამის თქმა ძნელია“, – ამბობს ადვოკატი.

დოდი  ხარხელი ამბობს, რომ ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ხდება კავშირშია იმასთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქუჩაში ხდება:

„ყველაფერი რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ერთადერთ რამესთან კავშირში, ნებისმიერი მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც ახლა მიდის ქუჩაში. და რაც ახლა მიდის საერთაშორისო, მედიის მიმართულებით, ყველა მხარეს, ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებს ეს ქვეყანა, დე ფაქტო ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს თავისის სტატუსი და ყველანაირად ცდილობს დააშინოს ყველა, ვინც საერთოდ ხმას იღებს. აზრი არ აქვს რა ეწერება ნებისმიერი რამის ოქმში, სადაც არ უნდა იყოს, მიზეზი ყველაფრის არის ეს, ქუჩაში რომ გვაჩერებს პოლიციელი გზის გადაკვეთაზე, მაგის მიზეზიც არის დღესდღეობით ერთადერთი, ეს მიზეზი არის რუსეთი“, – თქვა დოდი ხარხელმა.

ხარხელის თქმით, სამი წლის შვილი დატოვა ბაღში, შენობიდან გამოსვლისთანავე რამდენიმე კაცი მივიდა, არ მისცეს live-ს ჩართვის საშუალება, წაართვეს ტელეფონი, გადაუგრიხეს ხელები.

„ბავშვი დავტოვე ბაღში, სამი წლის ლილი. გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი, როცა მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა გადავწყვიტე ტელეფონით live ჩამერთო, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, წამართვეს, სამწუხაროდ, ხელებიც ძალადობრივად გადამიგრიხეს. მერე დავიწყე ხმაური უბრალოდ, სიგნალის მიცემა და გამვლელებისთვის თხოვნა live ჩაერთოთ. საბედნიეროდ ჩართეს live. […] ამის შემდეგ ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად, იქაც, შემდეგ რომ მოვედით აქ, უშუალოდ ჩხრეკის პროცესიც, ამის ერთადერთი მიზეზი, რომ ახლა არ მაქვს დაზიანებები, არის ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ და არის ბევრი კამერის წინ“, – თქვა დოდი ხარხელმა.

მისივე თქმით, სახლიდან წაიღეს მისი, მისი ქმრისა და ბავშვის ლეპტოპები, მეხსიერების ბარათები, ძველი მობილურები.