3-ზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ „ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი” გამოაცხადა,  რაც საგანგებო მდგომარეობის ვადით, 21 აპრილამდე არის გამოცხადებული.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იკრძალება 3 პირზე მეტის თავშეყრა.

„იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია“, – განაცხადა პრემიერმა.

ხვალ დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ასევე იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე.

ვიცე პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის განმავლობაში [21:00 – 06:00] იკრძალება რეგიონებში მიმოსვლაც.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში მოქმედი რეგულაციით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი სანქცია: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარი.

ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა დაისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.