საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან.
ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი – https://cutt.ly/yynpPSx) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.
მათივე ცნობით, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო- პროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“.
ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთი იქნება. ფესტივალის დაკვნით დღეს ჩატარდება ონლაინსესია ბრიტანელი, თურქი და ქართველი გამომცემლების მონაწილეობით.
ფესტივალში მონაწილე გამომცემელთა წიგნების გამოფენა გაყიდვის დათვალიერებას შეძლებთ ბმულზე.
ვირტუალურად დაგეგმილი ღონისძიების შინაარსსა და სრულ პროგრამას გაეცანით ბმულზე.
პანდემიის გამო თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება.