მოქალაქე გოჩა ჩალაური „მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და დეტალურად აღწერს ამ სქემას.
ჩალაური ასახელებს საჯარო მოხელეების სახელებსა და გვარებს და ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების სქემა უშუალოდ მათი მითითებებითა და ჩართულობით იყო ორგანიზებული.
ჩალაურის მიერ დასახელებულ ადამიანებს შორის არიან შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე, თემურ ხუბულური და გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი.
გელა ჩალაური ჰყვება, რომ არჩევნების გაყალბების სქემაში ჩართვა მას პირადად შიოშვილმა სთხოვა.
„მთავარ არხთან” საუბრისას ორივე მათგანი, თემურ ხუბულური და თამაზ შიოშვილი ჩალაურის მონათხრობს უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.
ჩალაურის მონათხრობის მიხედვით, საარჩევნო უბნებზე გადადგილდებოდნენ მანქანებით 4-კაციანი ჯგუფები. საერთო ჯამში ჩალაური ვარაუდობს, რომ გორის მუნიციპალიტის სოფლებში სულ ასეთი 120-130 მანქანა მაინც მოძრაობდა.
ჩალაური ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან მისულებმა იცოდნენ იქ მდგარი რომელი მანქანიდან უნდა მიეცათ მათთვის ფურცლები, რომლებზეც პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ეწერა. მისივე თქმით, სწორედ ამ ფურცლით ისინი შედიოდნენ უბანზე და ამ პირადი ნომრების რეალურ მფლობელთა ნაცვლად აძლევდნენ ხმას.
„საარჩევნო უბანზე ვიტყოდით, თემურის ხალხი ვართ, ხუბულურისა, უკვე იცოდნენ… იქვე ავიღებდით ბიულეტებს, გავაფერადებდით. ხან მასხამდნენ [მარკირების] ხსნარს, ხან არა, ხან სალფეტკზე ასხამდნენ. ეჭვი არავის შუტანია, არაფერი, ჩავაგდებდით ბიულეტენს, გამოვდიოდით, მერე მივდიოდით მეორე სოფელში და ასე 20-30 სოფელი მოვიარეთ….
…ჰოდა ბოლოს ამ ფურცლებს [პირადი ნომერი, რომელზეც ეწერა] მანქანაში ვაგროვებდით და რომ დავთვალე 163 გამოვიდა მარტო ჩვენს მანქანაში და ჩვანნაირი მანქანები კიდევ 4 იყო მარტო ჩვენი სოფლისა და დანარჩენი კიდევ სხვა სოფლებს, სხვა მანქანები ყავდა…
…აი საარჩევნო უბანთან როცა მივდიოდით იქ მანქანა მხვდებოდა, წინასწარ უკვე ვიცოდი რომელი მანქანა უნდა ყოფილიყო, გადავიდოდი იმ მანქანაში ვეტყოდი, აი თემურის ხალხი ვართ, 4 ვიყავით მანქანაში, 4 ფურცელი მინდა, თუ ვინმე ვთქვათ ქალი გვყავდა მანქანაში ვეუბნებოდით რომ 1 ქალი გვყავს და 2 კაცი. ქალისას ცალკე მაძლევდნენ ფურცელს, სახელი და გვარი ეწერა და პირადი ნომერი და კაცისას ცალკე“,- ჰყვება ჩალაური.
ჩალაური ამბობს, რომ თავად უბნებზე ვადაგასული პასპორტით შედიოდა, მაგრამ ამის გამო პრობლემა არცერთ უბანზე არ შექმნია:
„იქ [უბანზე] პასპორტს არც უყურებდნენ. მე მაგლითად, ჩემი პასპორტით შევდიოდი, ვადაგასული იყო საზღვარგარეთის პასპორტი, როცა ფურცელს ნახავდნენ პასპორტს უკან მაწვდიდნენ, ამ ფურცელზე იწერდნენ ამ პირად ნომერს და მაგით ვაგდებდით ბიულეტინს.
ყველა უბანში სადაც მივდიოდით სოფელში, რომელ სოფელსაც მოვივლიდით, ყველა უბანზე შესული ვარ, ალბათ ერთი 30 უბანზე ვარ შესული მარტო მე, ჩემთან ერთად კიდევ 3 ადამიანი ჩემი მანქანიდან და ჩემს უკან კიდევ 4-5 მანქანა მოდიოდა. ეს მანქანები მარტო ჩვენს უბანს არა, სხვა უბანსაც ჰყავდა ასე 5-5 და ალბათ ჯამში 130 მანქანა იქნებოდა.“
როგორც ჩალაური ჰქვება, ასე მოიარეს გორის თვითქმის ყველა სოფელი არცევი, სათემო, ახალდაბა, კარალეთი, ტყვიავი, მარანა, დიცი და ა.შ.
ის ამბობს, რომ ამ სქემაში მასობრივად ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის აიპ-ებში დასაქმებული ადამიანები,- „აიპების ხალხი იყო კიდევ ბევრი ძალიან, აი დასაქმებული რომ ჰყავთ, სკვერებს რომ ალაგებენ ქალები ისინი იყვნენ ძალიან ბევრნი.“
როგორც ჩალაური ჰყვება, დაახლოებით 7 საათისთვის, როცა მათმა ჯგუფმა „გეგმა შეასრულა“, დაურეკეს მათ მძღოლდ და უთხრეს, რომ დახმარება სჭირდებოდათ, რამდენიმე უბანზე „უჭირდათ“, რის შემდეგაც მათი ჯგუფი გორის კიდევ რამდენიმე უბანზე მივიდა და იმავე სქემით მუშაობდნენ.
როგორც ამბობს, სულ სამ უბანზე იყვნენ დამატებით, „ლტოლვილებთან ვიყავით, მე-7 სკოლაში და კომბინატში.“
გოჩა ჩალაური ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების სქემაში წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზეც მონაწილეობდა, მაგრამ მაშინ შედარებით მცირე მასშტაბი იყო.
ჩალაური ჰყვება, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ აქვს სახლი და „ქართული ოცნება” დაპირდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმარებოდნენ და საცხოვრებელსაც მისცემდნენ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში ატყუებდნენ.
ჩალაური ჰყვება, რომ გაყალბების სქემისთვის ჯგუფების მობილიზება „ქართულმა ოცნებამ” გაზაფხულიდან დაიწყო. ამბობს, რომ უკვე მიმდინარე წლის მაისიდან საჭიროებისამებრ იკრიბებოდნენ გორში პარტიის ახალგაზრდული შტაბის ოფისში და დავალებებს იღებდნენ, რისთვისაც გასამრჯელოს სახით ფულს აძლევდნენ,- 50-60 ლარს, ზოგჯერ 100 ლარსაც.
„შიოშვილმა ერთხელ თვავისი ჯიბიდან ამოიღო და 200 ლარი მომცა, არჩვენების ბოლოს უკვე რომ დამთავრდა ყველაფერი 500 ლარი მომცეს და 100 ლარი მომცა თემო ხუბულურმა ხელზე. ეს იყო არჩევნებამდე.
ჩარიცხვით ერთხელ ჩამირიცხა შიოშვილმა მერიის სახელით, თავისი სახელით და გვარით არაფერი. განცხადება დამაწერინა, ვითომ ერთჯერადი დახმარება მინდოდა და 300 ლარი ჩამირიცხა მაშინ და იმის მერე უკვე ხელზე მაძლევდნენ ფულს. “
„მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ გოჩა ჩალაური აეროპორტში წავიდა, რადგან ფიქრობს, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ მას საქართველოში საფრთხე ემუქრება.
„პუბლიკა“ პროკურატურასაც დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია დაწყებულია თუ არა გამოძიება ამ საქმეზე. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.