300-ლარიანი დახმარება და სესხის გადავადება | ვის დაეხმარება სახელმწიფო

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორთვიანი შეზღუდვების პირობებში მათ აქვთ ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების დახმარების გეგმა.

„რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას. გვახსოვს, ბიზნესის დახმარებისა და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებულები. ძირითადად,  ეს შეზღუდვა გრძელდება დაახლოებით 4-5 კვირა. ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის დახმარება პირველი ტალღის პერიოდზე –  ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც აქვს საბანკო სესხი – ამ სექტორში დასაქმებულს, ამ სფეროდან. მიზნობრივად სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ასევე 4 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაფარავს კომუნალურ გადასახდებს, როგორც ელექტროენერგიის ასევე გაზის გადასახადს. მისივე თქმით, როგორც პირველ ტალღაზეც, ამჯერადაც ადამიანები რომლებიც დაკარგავენ სამსახურს მიიღებენ 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას.

ამასთან, გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 65 000 და 100 000 ქულას შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს მოსახლეობის ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომლებიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა.

გარდა ამისა, დამატებით, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავს სამი ან მეტი 16-წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ექნება 100 ლარის დახმარება. გარდა ამისა, 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 000 ადამიანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.