თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს. მისი თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეალობაა.
„სამწუხაროდ, მოგვიწევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბევრ პროექტზე უარი ვთქვათ იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში. შესაბამისად, ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული. სამწუხაროდ, ასევე შეჩერდება ბევრი სხვა პროექტი. თუ რომელი პროექტი, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიას 300 მიკროავტობუსის შესაძენად 29 მილიონი ლარის ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.