3000 ლარი ფიზიკურ პირებზე, 15 000 ლარი იურიდიულ პირებზე - რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა განისაზღვრება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დადგენილებით მიმართავს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება 1 თვით, 21 აპრილამდე.

მისი თქმით, საგანგებო რეჟიმის დროს გამოცხადების წესების დარღვევა გამოიწვევს  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას –  ფიზიკური პირები 3000 ლარის ოდენობის, იურიდიული პირები 15, 000 ლარის ოდენობის. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 3 წლამდე ვადით.

“მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის ნუსხა მოიცავს შემდეგს: იზოლაციის ან კარანტინის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში.

საერთაშორისო სამგზავრო – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციების ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებების და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს.

საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლების და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.

სასამართლო სხდომების გამართვა შესაძლებელი გახდება დისტანციურად.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღდეგ შემთხვევაში რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ფიზიკური პირები 3000 ლარით, იურიდიული 15, 000 ლარით. განმეორებით იგივე ქმედება დაისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით 3 წლამდე ვადით”.