ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან „დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი“.