3000 ლარით დაჯარიმებულია „გირჩის" 14 აქტივისტი, დაკავებულია 3 - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი  3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

უწყების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.

„საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით”, – წერს შსს.


„გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა!“ – დღეს პარტია „გირჩმა“, ამ მოთხოვნით, იპოდრომზე აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.

მათი მოთხოვნებია:
1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება;
2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა;
3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა;
4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა;
5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა
6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა;
7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა;
8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა;
9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო;