3000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს რუსეთში, ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე - BBC

პუბლიკა

რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე, 70-მდე ქალაქში ჯამში 3 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, ყველაზე მეტი, აქტივისტი დედაქალაქში დააკავეს, სადაც, Reuters-ის შეფასებით, საპროტესტო აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, ხელისუფლების თქმით, აქციაზე მხოლოდ 4 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

გუშინ მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.


„თავისუფლება ნავალნის!“ – საპროტესტო აქციები, რუსეთის ათობით ქალაქში იმართება. მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტშივე დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

ნავალნიზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.