„ეს სავარაუდო იყო იქიდან გამომდინარე, თუ რა აკავშირებს მას ციხესთან" - კობახიძე გინებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

ირაკლი კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიქია“, თუმცა შეკითხვას – რატომ გადაიყვანეს გლდანის საავადმყოფოში, თუ არ საჭიროებდა? – არ უპასუხა.

„ყველამ მიიღო ინფორმაცია, რამდენად ფეიქია მისი, ე.წ. შიმშილობა. ამის ვიდეომტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. გუშინ ყველამ ისიც დაინახა რომ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, ამის მიზეზი არის ის, რომ ის ჭამს“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა ციხეში მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნილი გარემოს შესახებაც. კითხვაზე – როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პატიმრები მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ? – უპასუხა:

„გინება მიუღებელია, ეს არის ერთ-ერთი პოზიცია რაც შემიძლია დავაფიქსირო“, – განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ამის ვარაუდი, რომ მის მიმართ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა შეურაცხყოფას პატიმრების მხრიდან, შესაძლებელი იყო.

„შეიძლება ეს იყო სავარაუდო იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მას ციხესთან. მის თანაგუნდელს წამოსცდა, რომ 2012 წლამდე გლდანის ციხე იყო არადამიანური მოპყრობის ბუდე. დღეს საუბარია, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც არ უნდა მოიხადოს“, – განაცხადა კობახიძემ.