„ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით მიიღო, მათი სიტყვებით, ამერიკაში დღეს მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] ქართული თარგმანი.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, შარშან მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით კანონმდებლის ნება ვერ სრულდება, რადგან ორგანიზაციებმა რეგისტრაციაზე უარი განაცხადეს, „FARA-ს ზუსტი ანალოგი“ კი ამას სათანადოდ უზრუნველყოფს.
„მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებები ადასტურებს საგარეო დახმარებების არაჯეროვნად გამოყენების ფაქტების არსებობას. აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, დესტაბილიზაციის, დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობასა და რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას ემსახურება. აღნიშნული მხილებები გახდა რელევანტური მიზეზი იმისა, რომ გადაიხედოს საქართველოს კანონმდებლობა“, – აცხადებს „ქართული ოცნება“.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ, რომ აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
რა წერია „აშშ-ში მოქმედი FARA-ს ქართულ ანალოგში“
კანონპროექტში ნახსენებია ტერმინები უცხოური პრინციპალი და უცხოური პრინციპალის აგენტი და შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, პოლიტიკურ გაერთიანებებს, ორგანოს, ორგანიზაციასა თუ სხვა სახის გაერთიანებას – იმისთვის, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი უცხოური პრინციპალის აგენტად ჩაითვალოს, საჭიროა:
- ის მონაწილეობდეს პოლიტიკურ აქტივობებში;
- მოქმედებდეს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი
- უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოს სახელმწიფოს სამოქმედო არეალში მოიძიებდეს, აგროვებდეს, გამოყოფდეს ან გასცემდეს შემოწირულებებს, სესხებს, ფულად თანხებს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს;
- საქართველოში წარმოადგენდეს უცხოური პრინციპალის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე
და ამასთან:
- უნდა მოქმედებდეს როგორც უცხოელი პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი
- ან უნდა მოქმედებდეს უცხოელი პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით,
- ან იყოს იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოელი პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, რომლის რომელიმე საქმიანობასაც მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, ხელმძღვანელობს, აკონტროლებს, აფინანსებს ან სუბსიდირებას უწევს უცხოელი პრინციპალი.
უცხოური პრინციპალის აგენტი არ მოიცავს:
- ახალი ამბების მასობრივი გავრცელების იმ საშუალებას, ახალი ამბების მასობრივად გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, მასობრივი ინფორმაციის იმ ბეჭდურ საშუალებასა და მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებით გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზეა ფორმირებული ან შექმნილი;
- ისეთ გაზეთს, ჟურნალს, პერიოდულ ბეჭდურ გამოცემასა და პუბლიკაციას, რომლებიც ახალი ამბების კეთილსინდისიერად გავრცელების ან ჟურნალისტური საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელების გზით, მათ შორის, რეკლამის შეთავაზების ან მოზიდვის, პროდუქტის ან მომსახურების გამოწერის შეთავაზების ან სხვა სახის საზღაურის დახმარებით, გამოიცემა საქართველოში
- და ზემოხსენებული მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებების, ჟურნალ-გაზეთების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეა და რომლის მმართველები და ხელმძღვანელები საქართველოს მოქალაქეები არიან და რომელსაც არ ფლობს, არ მართავს, არ ზედამხედველობს, არ აკონტროლებს, სუბსიდირებას არ უწევს, არ აფინანსებს და არანაირ პოლიტიკას არ განუსაზღვრავს უცხოელი პრინციპალი ან პრინციპალის აგენტი.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტების რეგისტრაციას. კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ეკისრება ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის თავმჯდომარესაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
კანონით, ქვეთავი „პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება და კატეგორიზაცია“ ითვალისწინებს, რომ უცხოელი პრინციპალის აგენტის მიერ პრინციპალის ინტერესის შესაბამისად გასავრცელებელი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს; ასეთ ინფორმაციას გავრცელების დროს უნდა ახლდეს თვალსაჩინო მითითება, რომ რომ ეს მასალები გავრცელებულია აგენტის მიერ უცხოელი პრინციპალის სახელით და დამატებითი ინფორმაცია დაცულია ანტიკორუფციულ ბიუროში.
კანონის მიხედვით რეგისტრირებულ უცხოური პრინციპალის აგენტებს დაევალებათ პარლამენტის წინაშე გამოსვლები.
კანონის მოხთვონების შეუსრულებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
„იმ შემთხვევაში, თუ უცხოური პრინციპალის აგენტი, ან ნებისმიერი ხელმძღვანელი, მმართველი, თუ ხელმძღვანელისა ან მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი, არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც განზრახ დაარღვევს კანონის რომელიმე პუნქტს, წარსადგენ დოკუმენტაცაში განზრახ ჩაწერს არასწორ ინფორმაციას, გამოტოვებს ფაქტს, დაისჯება ჯარიმით 10 000 ლარამდე ან პატიმრობით არაუმეტეს 5 წლისა.
სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვალისწინებს 5000 ლარამდე ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას.
იურიდიული პირი მხოლოდ ჯარიმით დაისჯება.
კანონპროექტს საბოლოოდ, სავარაუდოდ, აპრილის პირველ კვირაში მიიღებენ. კანონი მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერიდან 2 თვეში ამოქმედდება.
„ივანიშვილის FARA“ – რით განსხვავდება ქართული პროექტი ამერიკული FARA-სგან
ორგანიზაციები და იურისტები თანხმდებიან, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ ამერიკაში მოქმედი კანონი გადმოაქვს, მაშინ ეს არ შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას, თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ცხადყოფს, რომ მათი მიზანი კანონის რეგულირების სფეროში სწორედ ამ ორგანიზაციების მოქცევაა.
100-ზე მეტი ორგანიზაცია საერთო განცხადებაში ამბობს, რომ „ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას ცდილობს“ და „გამკაცრებული რუსული კანონით“ მოქალაქეების სისხლის სამართლის დევნით დაშინება სურს.
„უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
„სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა“ აშშ-ში მოქმედი კანონის სამართლებრივი პრაქტიკა მიმოიხილა და განაცხადა, რომ ქართულ რეალობაში FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებს და პრინციპებს.
„1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური, დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
„დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ მთავარი სწორედ სასამართლო პრეცედენტების გათვალისწინებაა.
„ამერიკაში მოქმედი FARA არ იღებს სამიზნეში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, და ეს არის ფუნდამენტური განსხვავება იმისგან, რასაც ავტორიტარული რეჟიმები აკეთებენ. FARA (მისი გამოყენების პრაქტიკა) ამბობს, რომ თუ ორგანიზაციას (მიუხედავად ფორმისა) არ აქვს საკუთარი ფასეულობითი მიზნები და უბრალოდ სხვების ინტერესების გატარებისთვის შეიქმნა და ამისთვის იღებს უცხოურ დაფინანსებას, მაშინ ექცევა კანონის მოქმედების ქვეშ.
შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი მედიები, რომლებიც საკუთარი საწესდებო მიზნების მისაღწევად შრომობენ (თუნდაც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან მოიპოვებდნენ) ამ კანონის მოქმედების ქვეშ არ ექცევიან და ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, როდესაც ასეთი ორგანიზაცია ვინმემ რეესტრში იძულებით დაარეგისტრირა. ცხადია, რეესტრში შეგხვდებათ რაშა თუდეი, რომელიც მედია არაა და რომლის სარედაქციო პოლიტიკას რუსული სპეცსამსახურები განაგებენ“, – წერს იურისტი.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი საბა ბრაჭველი მიიჩნევს, რომ „ოცნება“ კანონს იღებს, რათა საკუთარ მომხრეებს რუსული კანონი დაავიწყოს, სისხლის სამართლის დევნით სამოქალაქო სექტორი დააშინოს და კანონის მოთხოვნებისთვის მათი დამორჩილებით ლეგიტიმაცია შეიძინოს.
„კანონი, მათ შორის, FARA, არის არა უბრალოდ სიტყვების კომბინაცია, არამედ ის შინაარსი, რომელსაც მას აღმასრულებელი და განმმარტებელი ანიჭებენ. ჩვენთან ამერიკული კანონიდან მოაქვთ სიტყვები, მაგრამ ცვლიან განმარტებებს, შინაარსს, პრაქტიკას, რითაც იუსტიციის დეპარტამენტი და სასამართლოები ხელმძღვანელობენ.
ამერიკული ფარას რეესტრში არ არიან დამოუკიდებელი, საკუთარი საწესდებო მიზნებითა და საკუთარ ნებაზე მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები. იქ ისინი ხვდებიან, ვისაც უცხო სახელმწიფო აკონტროლებს. ამიტომ შეხვდებით ფარას რეესტრში ისეთ მედიებს, როგორიცაა სპუტნიკი და რაშა თუდეი და ვერ შეხვდებით BBC-ს, Deutsche Welle-სა და სხვებს.
„ბიბისის“ და „დოიჩე ველესაც“ საკუთარი – ამერიკისთვის „უცხო“ მთავრობები აფინანსებენ, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი მედიები არიან, ამიტომ არავინ სთხოვს მათ დარეგისტრირებას. მაშინ, როცა ამერიკაში რეგისტრაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-ამერიკას“ არავინ სთხოვს, ჩვენთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა არასამთავრობოების რეესტრში შეყვანა კანონის მიზნადაა დასახელებული. ამ კანონის ამერიკულად მონათვლა ვირეშმაკობა – სიტყვების დაკოპირება და შინაარსის ცვლილებაა“, – ამბობს ბრაჭველი.
2024 წელს, როცა „ოცნება“ რუსული კანონის მიღების დროს პარალელს აშშ-ში მოქმედ კანონთან ავლებდა, ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც თანხას უცხოური მთავრობების სახელითა და ინტერესებით ლობირებისთვის იღებენ, დარეგისტრირდნენ.
„აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენი კანონი მოითხოვს რეგისტრაციას კონკრეტულად იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისგან, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობების ინტერესების ლობირებისთვისვის იღებენ დაფინანსებას“, – თქვა ელჩმა 2024 წლის 10 აპრილს.
„ოცნების“ ინიციირებულ პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ.
Human Rights Watch-ის ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი ამბობს, რომ „ოცნების” პარლამენტმა უნდა გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითადი უფლებების ნორმებს და რომლის მიღებაც დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, გაამწვავებს ადამიანის უფლებების არსებულ კრიზისს.
„მიღებისა და ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჯგუფებს აძლევს „ცრუ არჩევანს”, რომ მიიღონ „უცხო აგენტის” სტიგმატიზებული და უსაფუძვლო იარლიყი, აღმოჩნდნენ დაპატიმრების ან გადასახლების პირისპირ, ან მთლიანად მიატოვონ თავიანთი საქმიანობა. ამან, შეიძლება, გამოიწვიოს საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრული”, – თქვა მან.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიმა“ ღრმა შეშფოთება გამოხატა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ.
„CPJ გმობს ქართული პარლამენტის მიერ აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონპროექტის (FARA) „ზუსტი ასლის” მეორე მოსმენით მიღებას. მზარდად ავტორიტარული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელში, FARA-ს ფართო დებულებები და სისხლისსამართლებრივი სანქციები საქართველოს დონორებზე დამოკიდებულ დამოუკიდებელ მედიასა და მედია-ადვოკატირების ჯგუფებს გააქრობს. საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას „უცხოური აგენტების” შესახებ კანონის ნებისმიერ ფორმაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
სტატია გამოაქვეყნა Foreign Policy-მაც.
„წამყვანი ამერიკული სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „FARA-ს ზედმეტმა განზოგადებულობამ და ბუნდოვანებამ შესაძლოა დააზიანოს და შეასუსტოს პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლება. ამ კანონს აქვს ისტორია, როდესაც მას არასასურველი გამოხატვის ჩასახშობად იყენებდნენ.“
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ FARA ზედმეტად განზოგადებული და ფართოა, მას მაინც ზღუდავს აშშ-ის კონსტიტუცია და დამოუკიდებელი ფედერალური სასამართლოები, ასევე, მასზე გავლენას ახდენს იუსტიციის დეპარტამენტის აღსრულებითი გადაწყვეტილებები.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, რომელიც წარსულში თავადაც ყოფილა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ლობისტი, თქვა, რომ FARA-ს საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა „შემოისაზღვრება იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედება უცხო ქვეყნის ტრადიციულ ჯაშუშობას ჰგავს”.
ორგანიზაცია ICNL (International Center for Not-For-Profit Law) ამბობს, რომ „ბევრი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) და მედია იღებს უცხოურ გრანტებსა და სხვა სახის მხარდაჭერას, თუმცა აშშ-ს მათთვის არ დაუკისრებია FARA-ს მიხედვით უცხოელი აგენტების სტატუსით რეგისტრაციის ვალდებულება”.
უფრო მეტიც, 2023 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი – დაახლოებით 5% – იყო არაკომერციული ორგანიზაცია.
ასეთი შეზღუდვების გარეშე FARA-ს სრულად გადმოტანა სრულიად ისეთ განსხვავებულ კონტექსტში, როგორიც საქართველოშია, „ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნის საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია მასალაში.
7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა. ახალი გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეჩერდა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა ჩინეთის, რუსეთისა და სხვა შტატების მოწინააღმდეგეების საიდუმლო გავლენის კამპანიებთან საბრძოლველად.
ბრძანებით იშლება FBI-ის საგარეო გავლენის სამუშაო ჯგუფი და ჩერდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულება, მიუხედავად აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მრავალწლიანი გაფრთხილებისა, რომ უცხოური მავნე ზემოქმედების ოპერაციები, რომლებიც დეზინფორმაციას მოიცავს, მზარდი და საშიში საფრთხე იყო.
ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის ბრალდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ ადამიანები დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის სახელით ლობირებისას, „შეიზღუდება უცხოური სამთავრობო აქტორების მიერ უფრო ტრადიციული ჯაშუშობის მსგავსი ქცევის სავარაუდო შემთხვევებით“.
ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ეს გადაწყვეტილება კონსპირაციულ თეორიას, „დიფ სთეითს“ დაუკავშირა.