31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ - საბჭო

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.

მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

– ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
– პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
– აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

მათივე განცხადებით, რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.


ერთი კვირის წინ შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება დაელუქა თბილისში მოქმედი კლუბები. შრომის ინსპექცია მივიდა კლუბ „ბასიანთანაც“. კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, თუმცა კლუბის იქ შეკრებილმა მხარდამჭერებმა ინსპექციას არ მისცეს კლუბის დალუქვის საშუალება და დაგეგმილი ღონისძიებაც გაიმართა.