31% ეთანხმება კონსპირაციულ გზავნილს, რომ ომი უკრაინაში დასავლეთის პროვოცირებულია - კვლევა

პუბლიკა

„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის თანახმად, იანვარში მოსახლეობის 31% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ თითქოს რუსეთ-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო. ამ მოსაზრებას 25% არ ეთანხმება, 17% ნეიტრალურია, 27% – არ იცის/უარს ამბობს პასუხზე.

მოქალაქეთა 38% არ ეთანხმებოდა კონსპირაციულ გზავნილს დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით, მაგრამ 29% ამ კონსპირაციას სარწმუნოდ მიიჩნევდა.

47%-ის მოსაზრებით, რუსეთის ქმედებებმა აჩვენა, რომ მას იმპერიალისტური ამბიციები ჰქონდა უკრაინის მიმართ და პუტინს ვერაფერი შეაჩერებდა; 26% კი მიჩნევს, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება რუსეთთან დათმობაზე წასვლით.

საქართველოში „მეორე ფრონტის“ კონსპირაციის შესახებ დასმულ შეკითხვებს მოსახლეობა ასე პასუხობს:

  • 38% ეთანხმება, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველო ომში ჩართოს; ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ჯამში 29%.
  • ჯამში 29% ეთანხმება, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს უკრაინას, არ ეთანხმება – ჯამში 40%;
  • 35% მიიჩნევს, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნას ოპოზიცია ცდილობს, 34% – არ ეთანხმება ამ აზრს.

თუმცა კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა – 81%. ეს მაჩვენებელი მარტის თვეში განსაკუთრებით გაიზარდა, 2023 წლის იანვარში ევროკავშირის წევრობის მომხრე 72% იყო.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.