31 ევროპარლამენტარი ბორელს: საქართველოს შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი

პუბლიკა

ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტარების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული სტილის“ კანონის გატარებით და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით ზღვარი გადაკვეთა.

„საქართველოს ხელისუფლების განგრძობითმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით აგრესიულმა მცდელობამ, გაატარონ „რუსული სტილის“ კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებამ და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ ზღვარი გადაკვეთა. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელთა შესრულებაზეც ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლობა აიღო მაშინ, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ამას ევროკავშირი უყურადღებოდ ვეღარ დატოვებს.

მოგიწოდებთ, აჩვენოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდეგი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ, საქართველოს უნდა შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

„მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში უნდა წარიმართოს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ღონისძიება შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ.

ბოლო წლებში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდასაჭერად. ჩვენ ახლაც ამას ვაკეთებთ, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის იგივეა და უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია განცხადებაში.