არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიური ანგარიშის პრეზენტაციას წარუდგენს.

მოხსენების დასაწყისში პრემიერმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რა გარემოებებშიც მან გადაიბარა ხელისუფლება. აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის შესაძლებლობა, „ბოლომდე დაიხარჯო, ერთგულად ემსახურო ჩვენს ქვეყანას, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, ოჯახის ინსტიტუტი, უკეთესობისკენ შეცვალო ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, გააუმჯობესო მათი მდგომარება და ხალხისთვის მოიტანო განვითარება და კეთილდღეობა“.

ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც იცავს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ეროვნულ ფასეულობებს და რომლისთვისაც ადამიანი უპირველესი ღირებულებაა.

„რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია და ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება საზოგადოება. გამოწვევები და პრობლემები ბევრია ქვეყანაში: ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – ქვეყნის გაერთიანება, უმუშევრობა და სიღარიბე, დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით, დაუღალავი, თავდადებული, 24- საათიანი მუშაობაა საჭირო, იმისათვის რომ ყველა სირთულე გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების გადაბარება კრიზისულ პერიოდში მოუწია.

„პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დამყარდა წესრიგი.

„ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.