კომიკური შემთხვევა, რომელიც უპრეცედენტოა - მდინარაძე სენაკის საკრებულოს სხდომაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის სხდომის შესახებ ისაუბრა.

„ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ისეთ საკითხზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც დღეს მოგიწვიეთ, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში.

საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა.“, – განაცხადა მან.

მამუკა მდინარაძის თქმით,  სენაკის საკრებულოში, რომელშიც 33 დეპუტატია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა სხდომა კვორუმის გარეშე, კანონის დარღვევით გახსნეს და რიგი გადაწყვეტილებებიც მიიღეს.

მისი განცხადებით, კანონით გათვალისწინებულია, რომ საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს დეპუტატთა რაოდენობის ნახევარზე მეტი, სენაკის 33-დეპუტატიანი საკრებულოს შემთხვევაში კი უმრავლესობა 17 დეპუტატია.

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33  დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული  შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად, საკრებულოს სხდომის გახსნა – არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც  შეიძლება. ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით  16 33-ის ნახევარზე მეტია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე გადააყენეს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად დანიშნეს ენმ-ის წევრი, ასევე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც.

„ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილი, ე. წ. „სხდომა“ ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით“, – განმარტა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა ოცდაცამეტდეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა“.

მამუკა მდინარაძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე.

მისი განცხადებით, მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ მმართველი პარტია სხდომებს შეგნებულად არ ესწრებოდა, რათა საკრებულოს სრულფასოვანი მუშაობა ვერ დაეწყო.

მისი თქმით, გუშინ „ოცნებას“ ოფიციალურად შესთავაზეს, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაეყენებინათ ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც გახარიას გუნდი მხარს დაუჭერდა. ამის მიუხედავად „ოცნება“ სხდომაზე არ მივიდა და „საკრებულოს თანამშრომლებს აიძულებდნენ, რომ შენობა დაეტოვებინათ, რათა სხდომის გამართვა რამენაირად ტექნიკურად არ შემდგარიყო“.

„საქართველოს მოსახლეობას ჩვენ დავპირდით, რომ „ოცნების“ (ისევე როგორც ენმ-ის) ერთპარტიული მმართველობის მზე ჩაესვენება ამ ქვეყანაში. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და „ოცნებას“ მოუწევს საკუთარი ერთპარტიული მმართველობის მზის ჩასვლის იძულებითი ყურება (+ტკბობა).

P.S. ბ-ნი მდინარაძის პოლიტიკურ-არითმეტიკულ (მათემატიკურ) დემაგოგიაზე საერთოდ დროის დახარჯვაც არ ღირს, იმდენად კომიკური იყო“, – წერს ქემოკლიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე კი აცხადებს, რომ სენაკის საკრებულოში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ ა(ა)იპ-ებსა და აპარატებში აქტივისტები ჰყავს დანიშნული და არა პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები.

მისი თქმით, სენაკის საკრებულოს ბოიკოტირებას და საბოტაჟს „ოცნება“ იმ მიზეზით ცდილობს, რომ არ ცნონ გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რადგან ამის შემდეგ სენაკის საკრებულოში უმრავლესობა ექნება ოპოზიციას.

„ბატონ მდინარაძეს ავიწყდება კანონი, რომ არჩეული საკრებულოს წევრი ავტომატურად უფლებამოსილია და საკრებულო ამას იღებს უბრალოდ ცნობად“, – ამბობს წითლიძე.


სენაკის საკრებულოში გუშინ სხდომის ჩატარებას ხმაური მოჰყვა. სხდომას არ ესწრებოდა „ქართული ოცნება“. ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს აპარატის წევრები დაუპირისპირდნენ, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ სხდომა არალეგიტიმურია. საკრებულოს თანამშრომლებმა სხდომა დატოვეს, თუმცა დეპუტატებმა საკითხების განხილვა მაინც არ გადადეს.

საკრებულოს იურისტმა ბადრი ძაგანიამ მედიას განუმარტა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტა არა დროებითი, არამედ მუდმივი კომისიის გადასაწყვეტია, ხოლო მიმდინარე სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.

„პუბლიკა“ საკრებულოს სხდომის ოქმის მისაღებად სენაკის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სხდომის ოქმი ჯერ შედგენილი არ არის. მათი თქმით, ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილ ოქმს, რომელსაც იურისტის პასუხთან ერთად მოგვიანებით გაავრცელებენ.


სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ჯერ ისევ არ ჰყავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, შესაბამისად, კენჭისყრის პროცედურა ვერ ტარდება.

33-კაციან საკრებულოში მანდატები შემდეგნაირადაა განაწილებული: 16 მანდატი – „ქართული ოცნება“, 4 მანდატი – „საქართველოსთვის“, 13 მანდატი – „ნაციონალური მოძრაობა“. აღსანიშნავია, რომ გახარიას გუნდის ერთმა წევრმა დეპუტატის მანდატი დათმო, მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილება კი ამ დრომდე არ იყო ცნობად მიღებული.

პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს მმართველ გუნდს, გამოცხადდნენ  საკრებულოს სხდომაზე და მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს გახარიას გუნდი მხარს დაუჭერს.