ეკონომიკის სამინისტროსთან და სემეკთან კომუნალური გადასახადების ტარიფი გააპროტესტეს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან (სემეკთან) აქცია გამართეს. მათ კომუნალური გადასახადების ტარიფის ზრდა გააპროტესტეს და მოითხოვეს, რომ თანამდებობის პირებმა პასუხისმგებლობა აიღონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და დატოვოს თანამდებობა.

„..თუ ვინმეს მისდის სარგებელი გაძვირებული გადასახადიდან, ეს ნამდვილად არის ივანიშვილი და კალაძე… ამ ყველაფერს აპრავებს ჩვენი ქვეყნის მარიონეტი ხელისუფლება – რუსი ოლიგარქის ხელდასხმული ხელისუფლება და კონკრეტული სამინისტროები. ამ შემთხვევაში, ნათელა თურნავა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია გაზრდილ ტარიფებზე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე, რომელიც აქციაზე სემეკის შენობასთან იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ის დაპირებები, რომლითაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, არ სრულდება.

„ყველას გახსოვთ, რა დაპირებებით მოდიოდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში – სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად იყო განახევრებული კომუნალური ტარიფები. მივიღეთ სრულიად საპირისპირო – „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოშალა ეკონომიკა, მათ შორის, აწარმოებს არასწორ ენერგოპოლიტიკას… ვერ ამოხსნა ვერავინ ამ ქალაქში, რატომ მოსდით კომუნალური გადასახადები ასე ბევრი – ორჯერ-სამჯერ ქვითარი. ეს არის „ოცნების“ პირდაპირი დანაშაული“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.