ცენტრის განმარტება „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გამყრელიძის დღევანდელ განცხადებაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდ გადატანილის სტატუსი იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი 1 დეკემბრამდე დაუდასტურდათ, თუმცა რიგი მიზეზების გამო სისტემაში მათი პასუხი არ ასახულა.

განმარტება ცენტრმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „თუ პირი არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ შესაბამისად აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის.“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებით, 25 იანვრის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაკეთებულ განცხადებაში ეყრდნობოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტს.

კერძოდ, მინისტრის 11 იანვრის N01-9/ო ბრძანებით დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი.

ბრძანების მიხედვით, აღნიშნული პირები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;

ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;

გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში;

ცენტრის განმარტებით, ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.